პეტრიწონის ღვთისმშობელი

პეტრიწონის ღვთისმშობელი

Monday, January 4, 2016


პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ქართული ხატი


1083 -1086 წლებში ბულგარეთში ტაოელმა ძმებმა, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეებმა ქართველებისთვის ააშენეს მონასტერი, რომელსაც პეტრიწონის მონასტერი ეწოდება. თავად გრიგოლი დიდი მაგისტროსი (მთავარი) ბრძანდებოდა, რომელსაც დიდი მიწები და მამულები ჰქონდა. მისი სურვილი იყო ქართველი ბერ-მონაზვნებისთვის აეშენებინა დიდი სავანე, სადაც მხოლოდ ქართველ ბერებს უნდა ემსახურათ. გრიგოლმა მონასტერს თავადვე დაუდგინა  საგანგებო წეს-განგება, მასზე ხელი მოაწერინა იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეს მონასტერი აგებული იყო მხოლოდ ქართველებისთვის. პეტრიწონის მონასტერში მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ბერები იმსახურებდნენ, ბერძენი ბერი კი მონასტერში მარტო ერთი შეიძლება ყოფილიყო, რომ ბიზანტიასთან მიწერ-მოწერა ჰქონოდათ.
პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ყველაზე დიდი სიწმინდე ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატია. მონასტერში დაცული გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და იგი საქართველოდან ჩამოაბრძანეს. ხატის დღესასწაულს აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს აღნიშნავენ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1311 წელს ტაოელმა ძმებმა, ათანასემ და ოქროპირმა შეწირეს პეტრიწონის მონასტერს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი ისევე გამორჩეულია ბულგარეთში, როგორც ათონზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.
გრიგოლ ბაკურიანის ძმა - აბაზი ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. იგი მონასტრის საძვალეშია დაკრძალული. თავად გრიგოლი კი ომში დაიღუპა და როგორც გადმოცემითაა ცნობილი, მისი საძვალის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ძველი მონასტრიდან მხოლოდ საძვალეა შემორჩენილი, ის პირველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაინგრა და მოგვიანებით მის ადგილზე ახალი აიგო.
პეტრიწონის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, როდესაც მონასტრის მთელი სიწმინდე და განძეულობა განადგურდა. მე-14 საუკუნეში, თურქთა შემოსევების დროს ღვთის განგებით, ხატმა კლდოვან გამოქვაბულ „კლუბიას“ შეაფარა თავი და დამპყრობლის ხელს გადაურჩა.

პეტრიწონის მონასტერი
 მე-17 საუკუნეში, როდესაც მონასტრის აღდგენა დაიწყეს, ერთმა მწყემსმა კლუბიის გამოქვაბულში გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წლის აღდგომა დღეს კი პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დიდი ზეიმით გადააბრძანეს განახლებულ მთავარ ტაძარში, სადაც დღემდე იმყოფება. ხატის აღმოჩენის ადგილზე კი ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ახლა მთავარანგელოზთა ტაძარს ეძახიან. ძველი ტრადიცია დღემდეა შემონახული. ყოველწლიურად აღდგომის მეორე დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს გამოაბრძანებენ პეტრიწონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრიდან და მიაბრძანებენ კლუბიაში, წმიდა მთავარანგელოზთა სამლოცველოში. სამლოცველოში ეწყობა სადღესასწაულო მსახურება. ამის შემდგომ კი ხატს კვლავ პეტრიწონის მონასტერში მიაბრძანებენ.
პეტრიწონის ღვთისმშობლის ქართულ ხატს მრავალი სასწაული აქვს აღსრულებული. ხატთან დღემდე მიდიან მთელი ბულგარეთიდან მომლოცველები დახმარების და შემწეობის სათხოვნელად.
ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულებს იწერდნენ მონასტრის საგანგებო წიგნში, რომელსაც „კონდიკა“ ეწოდება. 1999 წელს კი მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა მრავალი ძვირფასი საგანძური გაანადგურა, მათ შორის ის წიგნიც, რომელშიც ღვთისმშობლის ხატის სასწაულები იყო აღწერილი. თუმცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები დღემდე გრძელდება.
2006 წლის 26 აგვისტოს საქართველოში ჩამოაბრძანეს პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართული ხატის ასლი.